“რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ყალბია” – პროკურორის განმარტება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის თქმით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. პროკურორი ამბობს, რომ ექსპერტიზამ სატელიტის ფოტოსურათებზე შეუსაბამობები გამოავლინა.

კერძოდ, პროკურორის თქმით, პირველ ფოტოსურათში ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან. მისივე განმარტებით, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე.

მისივე მტკიცებით, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

რაც შეეხება მეორე ფოტოსურათს, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი “2020 Jul 22”, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც, როგორც პროკურორი განმარტავს, სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

მისივე თქმით, “სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება.”

8 სექტემბერს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას.

ცნობისთვის, 11 სექტემბერს ინტერნეტ ვებგვერდმა Zoom Earth, რომლიდანაც სავარაუდოდ ბაჩალიაშვილის სატელიტის კადრებია გადაღებული, განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული ”სქრინები” ტოტალურად გაყალბებულია.

“მათ ტოტალურად გააყალბეს კადრები. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ დაბალ მასშტაბზე, სადაც ღრუბლები და ქალაქები ჩანს. შენობების, მანქანების კადრები გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელი იქნება”,- წერს Zoom Earth ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილმა 8 სექტემბერს გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილზე არ დგას.

მისი თქმით, ეს კადრები წყარომ მიაწოდა, რომელიც განცხადებას თავად გაავრცელებს.