“სიბრაზის ცრემლებით ხმაგაბზარული და მათზე დაკისრებული სიმძიმით დაღლილი, მაგრამ სრულიად შეუვალი უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას რთული იყო არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების. ჩვენი ქვეყნისთვის, დიახ, ღირსების აღდგენას შევეცადეთ, როდესაც უკრაინელების ერთადერთ თხოვნას, ვთქვათ სიმართლე იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი სოლიდარობით ვუპასუხეთ.

დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში მე მსურს, რომ თქვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებს გკითხოთ, რატომ აიძულებთ ქართველ ხალხს, უარი თქვათ ღირსებაზე და რატომ აიძულებთ ჩვენს ქვეყანას ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკვლელობა? დიახ, საკუთარ ქვეყანაზე ღირსების უარის თქმაა ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ უკრაინაზე და საკუთარი ღირსების უარყოფა არის ის, რომ დღემდე არცერთი თქვენგანი უკრაინაში არ ჩასულა და უკრაინაში არ ჩასულა არცერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობით.

ჩვენს ღირსებაზე უარის თქმაა, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელში, როდესაც ერთადერთი რამ რაც დადგა დღის წესრიგში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში, როგორ გაიძულოთ ევროკავშირმა, რომ საბოლოოდ არ წაართვათ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი.

საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა. საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და რასაც აპირებთ, რომ დღეს გააკეთოთ და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობით მანდატი, რადგან მიიღეთ ბრძანება ბიძინა ივანიშვილისგან”

მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.