რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები ინფიცირებული, ვიდრე სომხეთში – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს დღეს ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, რატომ არის საქართველოში უფრო ნაკლები კორონავირუსით ინფიცირებული ვიდრე სომხეთში. ამ დროისთვის სომხეთში 663 ინფიცირებული და 5 გარდაცვლილია, საქართველოში კი 130 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი.
“ბედნიერი შემთხვევითობით საქართველოში არ დაფიქსირებულა ინფექცია ისეთ საწარმოში, სადაც 500 კაცი მუშაობს, ან 100 კაციან ბანკეტზე. ამაშია ამხელა სხვაობის მიზეზი ჩვენსა და მათ შორის “– განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი ქართველი პარტნიორების მუშაობის შედეგია, რომელიც მაღალ შეფასებას იმსახურებს, თუმცა ასევე არსებობს ეპიდემიოლოგიური კვალის ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემა და შემთხვევითობებიც.
“ორივე ქვეყანა პრაქტიკულად ერთნაირ მექანიზმებს იყენებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. არც საქართველოს და არც სომხეთს ტურისტული ნაკადები აღარ აქვს. საქართველოში ყველა შიდა გზები დაკეტილია. ისეთივე სურათია, როგორც სომხეთში, გარდა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა“ – განაცხადა ტოროსიანმა.