რატომ არ გაიარა ბელგიიდან დაბრუნებულმა ზალკალიანმა კარანტინი – სამინისტროს განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტით 13-14 ივლისს იმყოფებოდა. ის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინში არ გადაუყვანიათ.  ის დღეს მთავრობის სხდომას დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. ამის შესახებ მთავრობის 332-ე დადგენილებაში წერია.

უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დადგენილების შინაარსი იციან, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. “იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – აცხადებს საგარეო უწყება.

სამინისტროსვე ინფორმაციით, მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.

დღეს ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მიმართა, გაივლის თუ არა ზალკალიანი ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს. კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.