“მათმა [“ქართული ოცნების”] მცდელობამ კრახი განიცადა და კანონპროექტიც კი არ წარმოადგინეს. იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის და თემის შემოგდებისთვის სჭირდებათ. რატომ აინიცირებ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ კონსტიტუციას ვერ ცვლი? საჭიროა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას როგორ აგროვებ? მათთვის ეს თემა არ არის მართლაც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოატყუონ და რუსული პროპაგანდის ხერხებით წინასაარჩევნოდ ალაპარაკონ არა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს – სიღატაკე, ფასების ზრდა, ემიგრაცია და საშინელი მდგომარეობა, არამედ მოგონილ და არარსებულ პრობლემებზე. ეს არის მორიგი რუსული კანონის პროპაგანდისტულად გამოყენების მცდელობა. არაფერი გამოუვიდათ, რადგან ხალხს ეს თემა არ აინტერესებს. არათუ ხალხს, “ქართულ ოცნებაშიც” კი იმდენად რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის, რომ ერთადერთი მოლაპარაკე, ე.წ. სპიკერი მდინარაძეა, რომელიც თემაშიც ვერ გარკვეულა და ტერმინოლოგიის დონეზეც ვერ ფლობს საკითხს. სად არიან “ქართული ოცნების” ქალები, რატომ იმალებიან, რატომ არიან მდინარაძის ზურგს უკან ამოფარებულები? როგორც ერთ სიმღერაშია, “როცა მოგიხმობს პარტია” – მოუხმობს პარტია და ადამიანებს, ვისაც საფრანგეთში უცხოვრიათ, ან გავლით ყოფილა პარიზში და ახლა ჩუმადაა, აალაპარაკებს. მათ განცდებს და ღირსებას არავინ ანგარიშს არ გაუწევს. რატომ არ ლაპარაკობენ “ქართული ოცნების” ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? – იმიტომ, რომ რცხვენიათ”,

ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.