რატომ გაათავისუფლეს მარინა ჩოლოიანი – ადვოკატის განამრტება

რატომ გაათავისუფლეს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული მარინა ჩოლოიანი – ამის შესახებ,  მისი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ გათავისუფლებას მუდმივმოქმედმა საბჭომ საფუძვლად დაუდო როგორც ჩოლოიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ასევე მისი ყოფაქცევა.

„მარიანა ჩოლოიანმა სრულიად სამართლიანად და კანონიერად დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. უფრო სწორად, მის ვადამდე ადრე გათავისუფლებას კანონიერი გადაწყვეტილება და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასება დაედო საფუძვლად. მას შემდეგ, რაც ჩოლოიანმა კანონის დათქმიდან გამომდინარე მოიპოვა უფლება, რომ მისი საქმე განეხილა მუდმივმოქმედ კომისიას – ადგილობრივ საბჭოს, რომელიც იხილავს დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხს, მუდმივმოქმედმა საბჭომ უარი უთხრა ჩოლოიანს მასზე გავრცელებულიყო საკანონმდებლო შეღავათები, როგორიც არის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. კომისიის ეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებდა, ვინაიდან ის არ გამომდინარეობდა იმ ნორმატიული აქტიდან, რაც წინაპირობა შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი მსჯავრდებულისთვის, დაცვის მხარემ ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა და მოვითხოვეთ, კანონთან შესაბამისობაში ყოფილიყო მარიანა ჩოლოიანის მიმართ მიმდინარე საქმეზე მუდმივმოქმედ კომისიაში მიღებული გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გააუქმა ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მარიანა ჩოლოიანის მიმართ დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მისი გათავისუფლება მოხდა. სამართლებრივად უნდა შევხედოთ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმეს, მათ შორის განსახილველ და დღის წესრიგში მდგომ საქმესაც, კანონმდებელი ნებისმიერ მსჯავრდებულ პირს აძლევს კანონით დადგენილი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გათავისუფლების ალტერნატიულ შესაძლებლობებს. ეს შესაძლებლობები დაცვის მხარემ ეფექტურად გამოიყენა. მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო, საფუძვლად დაედო როგორც მისი სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ასევე, მისი ყველა სამართლებრივი პოზიცია, რითაც ის აკმაყოფილებდა დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის დროს გასათავლისწინებელ სამართლებრივ გარემოებებს, მათ შორის, ყოფაქცევა“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.