რატომ გააუქმა რუსეთმა აღლუმის საჰაერო ნაწილი – უკრაინა მიზეზს ასახელებს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ეხმიანება რუსეთის მიერ 9 მაისის აღლუმის საჰაერო ნაწილის გაუქმებას. მათი ცნობით, აღლუმზე ავიაცია არ იყო წარმოდგენილი მოსკოვში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, სამარაში, დონის როსტოვსა და სხვა დიდ ქალაქებში.

კრემლის ოფიციალური ვერსიით, “აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის პირობების გამო გაუქმდა”, თუმცა, უკრაინული მხარის განმარტებით, ამის რეალური მიზეზი უკრაინული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შიში იყო.

“საინტერესოა, რომ 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავების უსაფრთხოებისთვის “ღრუბლების დაშლაზე” 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა. გასულ წელს ამ თანხამ 417 მილიონი რუბლი შეადგინა.

რუსული ოპოზიციის განცხადებით, ფრენები გაუქმდა, რადგან ზოგიერთ ქალაქში რუსულ თვითმფრინავებს გზად შესაძლოა უკრაინული პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეხვედროდათ.

ამიტომ, „უამინდობის“ ამბავი მხოლოდ მანიპულირებაა, რადგან რუსეთისთვის პუტინის წმინდა თარიღზე 500 მილიონი რუბლის დახარჯვა პრობლემა არ არის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა შეფასებით, რუსეთი ყოველდღიურად ხარჯავს 500 მილიონი დოლარიდან 20 მილიარდ დოლარამდე უკრაინასთან “სპეციალურ ოპერაციაზე“,– აცხადებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.