გაუგებარია, რატომ განვიხილავთ ბერას პირად ვიდეოს პოლიტიკურ ჭრილში – კალაძე

თბილისის მერს, კახა კალაძეს, არ ესმის, რატომ უნდა განიხილებოდეს ბერა ივანიშვილის მიერ განთავსებული ვიდეო პოლიტიკურ ჭრილში, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.

მისი თქმით, ივანიშვილის ოჯახის წევრებს ვიდეოების გამოქვეყნება პოლიტიკურ ჭრილში ,,არ უნდა გავუტაროთ”.

,,რატომ განვიხილავთ ბერას პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოს რაღაც პოლიტიკურ ჭრილში, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. გასაგებია, რომ პარტიის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მისი ფოტოების, ვიდეოების გამოქვეყნების უფლება ოჯახის პოლიტიკურ ჭრილში რატომ უნდა გავუტაროთ, ზოგადად, არ მესმის და არ მგონია, ეს თემა სადისკუსიო იყოს”, — თქვა კალაძემ  შალვა რამიშვილის გადაცემაში.

ბიძინა ივანიშვილის TikTok ვიდეოს გამოეხმაურა ,,ქართული ოცნებაც”. პარტიის განცხადებით, ,,აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა მოჰყვა”.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, ტიკ-ტოკ ვიდეოს გავრცელების შემდეგ განაცხადეს, რომ ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგან მძიმე კრიზისის დროს მმართველი პარტიის ლიდერი პირველად ამ ვიდეოში გამოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.