ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების – ბოკერია ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის მიერ ბერასთან ერთად ჩაწერილი ტიკ-ტოკ ვიდეო მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა. მისი თქმით, ივანიშვილმა ამით გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე ჰკიდია მთელი ქვეყანა.

,,ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, მოქალაქეების. ადამიანი, რომელიც დეფაქტო მმართველია ამ ქვეყნის, ფორმალურად მმართველი პარტიის თავჯდომარეა და ყველაფერს წყვეტს ეს და არ დაგვლაპარაკებია არავის, არცერთ მოქალაქეს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს სიტყვა არ უთქვამს, რას ხედავს, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და აი ასე მიეგება საზოგადოებას, პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა. მან გარკვევით თქვა რომ ფეხებზე კიდია მთელი ეს ქვეყანა”,- აცხადებს ბოკერია.

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.