2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება.

ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.