წმინდა ნინო საქართველოში მოვიდა არა ძალით, არამედ სიტყვით; არა მბრძანებლის ძალაუფლებით, არამედ ადამიანის გულისკენ მიმართული რწმენით.
“მოქცევაჲ ქართლისაჲ” გვიამბობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მოვიდა მარტო- არა ლაშქრით, არა სახელმწიფო მანდატით, არა ინსტიტუციური ძალაუფლებით. მის ხელში იყო ვაზის ტოტისგან დაწნული, საკუთარი თმით შეკრული ჯვარი.
მარტივი ჯვარი. თავმდაბალი ნიშანი.
მაგრამ სწორედ ამ სიმარტივეში იმალებოდა მისი ძალა. იგი არავის იმორჩილებდა, არავის აიძულებდა, არავის აშინებდა. იგი ადამიანის თავისუფლებას მიმართავდა, რადგან ქრისტიანობა, რომელიც მან მოიტანა, იწყებოდა არა ძალაუფლებით, არამედ სინდისით.
წმინდა ნინო არ მოსულა იდეებთან, სიმბოლოებთან ან აბსტრაქტულ საზოგადოებასთან. იგი მოვიდა ადამიანებთან- მათთან, ვისაც სტკიოდა, ვისაც ეშინოდა, ვინც ეძებდა, ვისაც იმედი სჭირდებოდა. ამიტომ ქართლის მოქცევა მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ ყოფილა; იგი ადამიანის ღირებულების ხელახალი აღმოჩენა იყო.
როდესაც მეფე მირიანის წინაშე წარდგა, საკუთარი თავი ერთი მოკლე ფრაზით განსაზღვრა:
„მე ვარ ნინო, მხევალი ქრისტესი.“
არა ძალაუფლება.
არა სტატუსი.
არა განსაკუთრებულობა.
მხევალი ქრისტესი.
სწორედ ამ თავმდაბლობაში ვლინდებოდა მისი სულიერი ძალა.
1700 წლის შემდეგაც სწორედ აქ დგას მთავარი კითხვა: რამდენად ერთგულნი დავრჩით იმ სულის, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში მოიტანა? დარჩა თუ არა ჩვენი სარწმუნოების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეროვნული ცნობიერების ცენტრში ადამიანი -არა როგორც კერპი, არამედ როგორც ღვთის ხატი, მოწოდებული სულიერი განახლებისა და სრულყოფისაკენ?
ქრისტიანობის ცენტრში ადამიანი დგას არა როგორც საბოლოო მიზანი, არამედ როგორც ღვთის ქმნილება, რომლის სულიერ განახლებასა და გადარჩენასაც ემსახურება ღვთის მოქმედება. ღმერთი სამართლიანიც არის და მოწყალეც: სამართლიანი, რადგან ადამიანს სიცრუეში არ ტოვებს; და მოწყალე, რადგან მას დაცემაშიც არ ტოვებს. სწორედ ამიტომ ქრისტიანობა ადამიანის თვითკმარობის აღიარება კი არ არის, არამედ მისი განახლების, გათავისუფლებისა და ღმერთთან დაბრუნების გზაა.
რადგან ქრისტიანობის ისტორია მხოლოდ ტაძრების, დღესასწაულებისა და საზეიმო თარიღების ისტორიით არ იზომება. იგი იზომება იმით, თუ რამდენად შეგვიძლია დავინახოთ ადამიანი იქ, სადაც ყველაზე ადვილია მხოლოდ სიმბოლოების დანახვა; რამდენად შეგვიძლია დავიცვათ ღირსება იქ, სადაც ძალა დომინირებს; რამდენად შეგვიძლია შევინარჩუნოთ სინდისი იქ, სადაც შიში მრავლდება.
შესაძლოა სწორედ ეს არის 1700 წლის იუბილეს ყველაზე ღრმა აზრიც: არა მხოლოდ გავიხსენოთ, ვინ მოგვიტანა ქრისტიანობა, არამედ ვიკითხოთ, რას ვაკეთებთ დღეს იმ მემკვიდრეობით, რომელიც მივიღეთ.
რადგან წმინდა ნინოს მემკვიდრეობა მაშინ ცოცხლობს, როცა მის მიერ მოტანილი ჯვარი საუკუნეების შემდეგაც ძალაუფლების სიმაღლიდან კი არ გადმოჰყურებს ადამიანს, არამედ მის ტკივილამდე ჩამოდის.
წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.















