რატომ წაშალა მერიამ ვაკის პარკის შადრევნის გახსნის ფოტოები – განმარტება

ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერიამ ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან შადრევნისა და მცირე კასკადის გახსნის ფოტომასალა წაშლა. ამასთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ეს “ერთგვარი პოზიციაა შემზარავი ფაქტის მიმართ”.

  • “ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!” – აცხადებენ მერიაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა.დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს.  კლინიკაში ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. ერთ-ერთი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.