დღეს ვაპროტესტებთ შერჩევითი სამართლის მსხვერპლის ჩაგვრას. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ კონკრეტული დანაშაული რა არის, დანაშაული არ არსებობს კონტექსტის გარეშე, შინაარს კარგავს კონტექსტის გარეშე.

ამ ადამიანს რაც არ უნდა გაეკეთებინა, ცხადი ისაა, რომ ჩვენ უარესი გვინახავს თბილისის ქუჩებში ქართული ოცნების მოკავშირე ორკების მიერ ჩადენილი და დღეს აქციაზე ზუსტად ამის ჩვენებას ვაპირებთ. ჩვენ იმის მტკიცებას კი არ დავიწყებთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა კარგია, უბრალოდ, გვინდა ვაჩვენოთ, რას სჩადიან ქართული ოცნების მოკავშირეები და რატომ არის ეს ადამიანი მსხვერპლი უსამართლობის. ნაჩვენები იქნება, რა ხდება თბილისის ქუჩებში – ჩვენს თვალწინ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულები და რა ძალადობა რჩება დაუსჯელი. დიახ, ქართული ოცნების მოკავშირეების ჩადენილი. პირველი ძალადობა დაიწყო 2013 წლის 8 თებერვალს – ძალადობის ქანქარა გადმოიხარა და ის ადამიანები არ დაისაჯნენ. პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის რამდენიმე ასეული ლარით ჯარიმდებოდა მხოლოდ ადამიანი – ეს მაშინ, როცა მათ მოკავშირეებს ეხებოდათ საქმე.

და როდესაც ხალხი აჯანყდა საკუთარი საგარეო კურსის დასაცავად, კი შეიძლება იქ რაღაც დარღვევაც მოხდა, მაგრამ ამოარჩიო ადამიანი და თან კობახიძის განცხადების ფონზე, როდესაც “ორიენტაციარეული” უწოდა, უსამართლოა.

[…] მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა – ეს ადამიანი არ ზის იმიტომ რომ რაღაც დააშავა, ეს ადამიანი ზის, იმიტომ რომ დასაჯონ სამაგალითოდ. რაც მთავარია, ჩვენ წინ ამბები გველოდება – არ ვიცით ზუსტად, რა იქნება კანდიდატის სტატუსზე და არ ვიცით, კიდევ რას დააშავებს ქართული ოცნება. ყველამ ხომ იცის, რამ შესძინა მომხიბვლელობა და ძალა ამ პროტესტს იმ თაობამ, რომლის წარმომადგენელიც დაჭერილია. იმ თაობის გატეხვა უნდათ.

ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღეს, 1 აპრილს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან  დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა 21 წლის ბიჭის გათავისუფლება იქნება.

გუშინ, 31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს,  საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.