დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.
გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ტაძარში არ მივიდა.
,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და ტაძრებში დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები. ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინა”,- თქვა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ინტერვიუში.
მისივე თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება.
,,დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ”,- განაცხადა გამყრელიძემ.
საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.