რა ტერიტორიების დაბომბვას შეძლებს უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით – რუკა

მას შემდეგ რაც, უკრაინამ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ სარაკეტო სისტემებს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის, პარტნიორებმა მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემების მიწოდება დაიწყეს.

გუშინ, 1 ივნისს თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან, თავდაცვისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას HIMARS-ს მიიღებს, რომელიც აღჭურვილი იქნება 70 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი რაკეტებით. CNN-ის ინფორმაციით,  ეს ამ სისტემების საბრძოლო მასალის მაქსიმალურ დიაპაზონზე (დაახლოებით 300 კმ) ბევრად ნაკლებია, თუმცა იმაზე მეტია ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად არსებული სისტემები.  ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთისგან თავის დასაცავად გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს M270-ს, რომლის მოქმედების არეალი დაახლოებით 70 კილომეტრია.

HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.

“რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი  ზურაბ ბატიაშვილი წერს, რომ აღნიშნული იარაღით, უკრაინელები შეძლებენ რუსების ზურგში ზუსტი დარტყმების განხორციელებას და იქ განლაგებული ცოცხალი ძალის, სამეთაურო პუნქტების, იარაღისა და საწვავის საწყობების, კომუნიკაციებისა და ა.შ. განადგურებას.

  • ”რუკა იმის შესახებ, თუ რა ტერიტორიების დაბომბვას შეძლებს უკრაინა ამერიკული წარმოების HIMARS MLRS-ისა (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა) და M30/M31 რაკეტების საშუალებით, რომელიც 70 კმ-ის მანძილზე აღწევს.  ამგვარად, უკრაინელები შეძლებენ რუსების ზურგში ზუსტი დარტყმების განხორციელებას და იქ განლაგებული ცოცხალი ძალის, სამეთაურო პუნქტების, იარაღისა და საწვავის საწყობების, კომუნიკაციებისა და ა.შ. განადგურებას უკრაინელები ამავე ტექნიკით შეძლებენ კუნძულ ზმეინის დაბომბვასაც, რომელიც ნაპირიდან 50 კმ დაშორებით მდებარეობს. ამერიკული MLRS-ების მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება ომის მიმდინარეობა უკრაინის სასარგებლოდ.” – წერს ბატიაშვილი.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გუშინ 1 ივნისს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა „ირის-ტ“-ს (IRIS-T) გადასცემს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად” უკრაინა ამ ტიპის შეიარაღებას აქტიურად ითხოვდა.

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემას “ცეცხლზე ნავთის დასხმა” უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.