რა შემთხვევაში არ მოგიწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება.

მისი განმარტებით, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან შემოვლენ და თან ექნებათ ნეგატიური PCR ტესტის პასუხი, შეუძლიათ საკუთარი ხარჯებით მესამე დღესაც გაიკეთონ PCR ტესტი იგივე პასუხის შემთხევაში და თვითიზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ.

“საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება – შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ან ძველებურად რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან მესამე დღეს თავიანთი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფლები არიან თვითიზოლაციისგან. იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვისაც შემოსვლისას არ ექნება PCR ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია ექნება”, – აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე ყველა შეზღუდვა უქმდება.