რა შემთხვევაში დათანხმდება ნიკა მელია პლებისციტს – მისი განმარტება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის ჩატარება შესაძლოა კომპრომისი იყოს. მისი თქმით, პლებისციტზე თანახმა იქნებოდა, თუ ის არა ადგილობრივ არჩევნებთან, არამედ ცალკე ჩატარდება.

“ამ დონის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში როდესაც მოვექეცით, ოპოზიცია უნდა ვპოზიციონირდეთ, როგორც მომავალი ხელისუფლება და აქედანვე უნდა დაგვინახოს დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ, ვინ ვართ.

ამიტომ, რაღაც კომპრომისზე წასვლა რომ მოუწიოს ოპოზიციას, თუ გონივრული კომპრომისია, საღი აზრის ფარგლებში არის, ეს ბუნებრივია. მე თუ მკითხავთ, გულახდილად ვიტყვი, პლებისციტი, ოღონდ არა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ცალკე პლებისციტი. პლებისციტზე, მე პირადად, თუ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან გადასაწყვეტი კომრომისი, წავიდოდი, ოღონდ არა, მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებზე. ჩატარდეს, რა უჭირს, ივნისის თვეში რომ ჩატარდეს პლებისციტი, რამე დაშავდება? ივნისის თვეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არაჩვეულებრივად 2015 წელს”,– ამბობს მელია მთავარი არხთან სატელეფონო ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის კომპრომისი პატიმრები არ უნდა იყოს.

“კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებით გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი. მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის იშტაზე ვიყავი, უსამართლობა იყო და უბრალოდ დაუმორჩილებლობა გამოვაცხადე, ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითაც გავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი.

გამორიცხულია [გირაოს გადახდა]. მე ახლა აქ ხომ შეიძლებოდა თავისუფლად არ ვყოფილიყავი, უბრალოდ განგებ გადავწყვიტე უსამართლობის ჯაჭვი გამეწყვიტა და ჩემი უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის მიზანი ეს იყო, რომ საზოგადოებისთვის მჩაგვრელებისთვის წინააღმდეგობის გაწევით დამენახვებინა, რომ ბიძინას ციხის არავის ეშინია”,– აღნიშნა ნიკა მელიამ.