რა შემთხვევაში მოუხსნის გერმანია რუსეთს სანქციებს – საგარეო მინისტრის განმარტება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთს სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუხსნის, თუ ის უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს.

“ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ჩვენთვის ნათელია, რომ სანქციები შეიძლება მოიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყვანს თავის ჯარებს. მშვიდობა რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით არ მოუტანს უსაფრთხოებას არც უკრაინას და არც ჩვენ ევროპაში. უარეს შემთხვევაში, ეს იქნება მიწვევა მომავალ ომში – კიდევ უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან”,– თქვა ბერბოკმა Bild-ის ცნობით.

მისივე განცხადებით, გერმანია უნდა დაეხმაროს უკრაინას, რადგან სწორედ უკრაინელები იღუპებიან ომში და მათ ემუქრებათ ტირანია და ჩაგვრა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

“სწორედ ამიტომ, ახლა უკრაინას უნდა დავეხმაროთ ამ სასტიკი შემოჭრის მოგერიებაში და მომავალი თავდასხმებისგან თავის დაცვაში. მხოლოდ მაშინ, როცა ევროპაში ყველა კვლავ გააცნობიერებს, რომ ომში არცერთი ქვეყანა არ არის გამარჯვებული და ყველა დამარცხებულია, კვლავ იქნება ნამდვილი მშვიდობა”,– აღნიშნა გერმანიის საგარეო მინისტრმა.

მანვე დაამატა, რომ გერმანია ვეღარასდროს დაეყრდნობა პუტინის დაპირებებს.