რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება – კალაძე იპოდრომზე

”იპოდრომის ყოფილი ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება” – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„იპოდრომის ყოფილი ტერიტორია არის ერთ-ერთი უნიკალური სივრცე ქალაქის ცენტრში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი ადამიანებისთვის. ეს იქნება სივრცე გართობისა და დასვენებისთვის, ყველა თაობის ადამიანისთვის განსაზღვრული სივრცეებით. ბევრი ადამიანი სარგებლობს პარკებით, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო კიკვიძისა და მზიურის პარკი, რომელთაც რეაბილიტაცია ჩაუტარდათ და ახლა, უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცეებით. მე როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს, მიხარია, რომ საპარკო კულტურა შემოდის და უკვე დიდია მოთხოვნა საზოგადოების მხრიდანრომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე გაჩნდეს დედაქალაქში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ის ტენდენცია, არც იყო წლების განმავლობაში. გვახსოვს, რომ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები, კორპუსების ჩადგმა. ჩვენ ეს მავნე პრაქტიკა შევაჩერეთ და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცის არსებობა დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 10 აპრილს, მოქალაქეებმა იპოდრომის განაშენიანებისა და მერიის მიერ წარდგენილი პროექტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ასე იპოდრომი ავთენტურობას და მის შინაარსს დაკარგავს. პროტესტის მონაწილეების თქმით, მერიამ პროექტი გაუმჭვირვალედ დაამტკიცა, აზრი კი არც მოქალაქეებს და არც სპეციალისტებს ჰკითხა.

იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია 6 ოქტომბერს გაიმართა.