რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება- კანდელაკი საბიუჯეტო დაფინანსებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისი პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას აიღებს, რადგან ეს თანხმა მათ ივანიშვილის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდებათ.

“ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად”, – ამბობს კანდელაკი.

მისივე განცხადებით, დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის აღიარება არ არის.

“აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც ევროპული საქართველო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ აკეთებს და არც გააკეთებს”, – აღნიშნა კანდელაკმა.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან: ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი 5 პარტია, ევროპული საქართველო და გიორგი ვაშაძე–სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩს, ლელოს, ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს.

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. მისი შეფასებით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა.

მოქალაქეების დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი ნიშნავს დაფინანსების არაღებასაც.