რეჟიმი იძულებული გახდა ეს კადრები გაევრცელებინა – ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ქართული ოცნებისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ის მაინც გავრცელდებოდა.

“პენიტენციური უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული, მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ვიდეოკადრების მიწოდება დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი შეყვანილი, მათი ენით შესახლებული, რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში და ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა ქართული ოცნების რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინათ ეს კადრები”, – აცხადებს მელია.

მისივე შეფასებით, კადრებში ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს.

“კითხვა ხო უნდა დაისვას, თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, როგორც თავად ამბობენ და ჩვენ ეს ვიხილეთ, თავისი ინიციატივით პირად ნივთებს ალაგებდა და ისე გამოდიოდა მშვიდად, აბსოლუტურად ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რა მოხდა იქ, როდესაც B პუნქტში გადაიყვანეს, ეს კითხვა ხო ლოგიკურად ისმის და პასუხიც გვჭირდებოდა საზოგადოებას და ეს პასუხი დღეს ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით, რომელიც იძულებული გახდა ეს ყველაფერი გაევრცელებინა”, – თქვა ნიკა მელიამ.