რესპუბლიკური პარტია მანდატებზე უარს მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვის

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რომელმაც პარლამენტის ორი მანდატი ნაციონალურ მოძრაბასთან ბლოკში გაერთიანების შედეგად მოიპოვა, განცხადებას ავრცელებს. ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, რომლებიც პარლამენტში ბლოკის სიით მოხვდნენ მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დასრულდება:
“საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.
ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.
ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის,ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც.“–ნათქვამია განცხადებაში.