„უბრალოდ შეუძლებელია, იმ პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ, „შავ სიაში“ მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება. უბრალოდ შეუძლებელია, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
განცხადებები, რომ საქართველოს მთავრობამ რიკოთის პროექტი მისცა, ჩააბარა, არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა გამარჯვებული კომპანიების შერჩევა.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის ოთხ მონაკვეთზე ოთხი სხვადასხვა კომპანიაა, სადაც მაღალი კონკურენციის დონე იყო და გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს აბსოლუტურად ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ვერ გაფორმდებოდა, თუ ეს კომპანიები იქნებოდნენ სანქცირებული.
ძალიან ბევრჯერ გაისმა – „სანქცირებების სია“, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ამ კომპანიებთან, ვინაიდან მკაცრად განსაზღვრულია ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლებიც ცალსახად განსაზღვრავენ თუ როგორ ვითარდება პროექტი და მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები, სანქცირება არ არის ამ ჩამონათვალში. მოუხედავად ამისა გუშინ ვთხოვე საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომ ღია წყაროებში გადაემოწმებინათ, აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა დღეის მდგომარეობით სანქცირებული და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში“. ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.[…] ბევრჯერ გაიჟღერა ცილისწამებამ, რაც უკავშირდება კორუფციას, კორუფციულ გარიგებებს, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება. ხუთი 5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ კორუფციაში დამადასტურებელი ფაქტის გარეშე რომ ადანაშაულებენ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში, არის დიდი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ასეთი რამ არის დაუშვებელი“,
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა