რიონის ხეობის მცველები თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდებიან

“რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა.

„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ [თბილისში] და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.

პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…”, – ამბობს ის პუბლიკასთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს და თბილისში თავიანთი განცხადების დასადასტურებად ჩამოდიან.

„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ”, – ამბობს სულაძე.

ცნობისთვის, ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე მოძალადე ჯგუფებმა “სირცხვილიას” ოფისს ალყა შემოარტყეს და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ჩალეწეს შენობის მინები.

ოფისში შეჭრის დროს მათ სასტიკას სცემეს TV პირველის ოპერატორი და დაუმტვრიეს აპარატურა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.