როგორ აპირებს მთავრობა 200 ათასი სოც. დაუცველის დასაქმებას – ღარიბაშვილის განმარტება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 600 ათასი სოციალური დაუცველიდან, 200 ათასი შრომისუნარიანია, ამიტომ მთავრობა მათ დასაქმებაში უნდა დაეხმაროს.

“ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას”,– თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს სამუშაოები გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის ადამიანს შეუძლია. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე შრომისუნარიანი პირები.

“ჩვენი პროგნოზით სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი. პირველ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას, შეიძლება 100 ათასსაც კი გავცდეთ, ლიმიტი ჩვენ არ გვაქვს.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო და მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს, ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისი ვაკანსია. თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმარულ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება, ლეგალიზება რომ მოახდინოს, ან პროფესიული მომზადების პროგრამებში ჩაერთოს”,– ამბობს პრემიერი.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას – მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება დახმარება. ასევე, ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს დამატებით 300 ლარს გადაუხდიან.