როგორ აღმოჩნდა ბოლო მომენტში რეზოლუციის პროექტში ჩანაწერი ივანიშვილის შესახებ–ხუხაშვილის ვერსია

ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოთქვამს ვარაუდს,  რატომ ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის სანქცრებაზე:

“როგორ და რატომ აღმოჩნდა ბოლო მომენტში რეზოლუციის პროექტში ჩანაწერი ივანიშვილის შესახებ?

ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდა არა საპარლამენტო ჯგუფის, არამედ ისეთი მხარის ჩარევის შედეგად, რომელსაც ჰქონდა საკმარისი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე რეზოლუციის ამ სახით მიღების უზრუნველსაყოფად.

ყველაზე საინტერესოა – რა შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთი სასწრაფო ჩარევის მოტივი?
ვფიქრობ, რომ რეზოლუციის პროექტი წინასწარ გააცნეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაუსვეს კითხვა – აპირებდნენ თუ არა წინასწარ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, იმისათვის რომ ტექსტი შერბილებულიყო.

ამათი ბუნებიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ორირაკლისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი რაღაცას იზამდნენ, მაგრამ ბიძინაა წინააღმდეგი.

იქაც გაბრაზდნენ და სავარაუდოდ ასე აღმოჩნდა ეს ჩანაწერი რეზოლუციაში.
მე სხვა ლოგიკას ვერ ვალაგებ.“– თვლის ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს  და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო”– ნათქვამია ტექსტში.