როგორ გავრცელდა ირანული ავიაკომპანიის მეშვეობით Covid19 ახლო აღმოსავლეთში. BBC-ს გამოძიება

ბიბისი–ს არაბული სამსახურის გამოძიების მიხედვით ირანულმა ავიაკომპანიამ Mahan Air–მა ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში Covid19-ის გავრცელებას . ავიაკომპანიამ ფრენები არ შეწყვიტა იმის მიუხედავად, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტეს. ასეთი აკრძალვა მოქმედებდა თავად ირანშიც, რომელიც თებერვლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ეპიდემიის კერად იქცა.  იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდე   Mahan Air–მა ასობით რეისი შეასრულა ირანს, ერაყს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და სირიას შორის. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რეისების ეკიპაჟებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ დაინფიცირების საფრთხის გამო, გაჩუმებას აიძულებდნენ და სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ.

Mahan Air–ს ადანაულებდნენ იმაში, რომ საფრთხეში აგდებდა ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობას. ეს არის კერძო ირანული ავიაკომპანია, რომელიც თავად კომპანიის მონაცემებით 55 თვითმფრინავს ფლობს და წელიწადში საშუალოდ 5 მილიონი მგზავრი გადაყავს მთელ მსოფლიოში, 66 წერტილში.

ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გუშაგთა ირანულ კორპუსთან არის დაკავშირებული. 2011 წელს აშშ–მ კომპანია იარაღის გადატანაში დაადანაშაულა და სანქციები დაადო.

ეს კომპანია ასევე მხარს უჭერს ირანის ოპერაციებს სირიაში, ლიბანში და ერაყში.

ფრენის მონაცემებისა და ლიბანური და ირანული წყაროების მონათხრობზე დაყრდნობით ბიბისის არაბულმა სამსახურმა დაადგინა, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირებულები ამ ქვეყნებში სწორედ Mahan Air–ის რეისებით ჩავიდნენ.

19 თებერვალს ირანელი სტუდენტი ამ კომპანიის რეისით ჩაფრინდა თეირანიდან ერაყში. 24 თებერვალს კი ის ერაყში პირველ ინფიცირებულ პაციენტად იქცა.

20 თებერვალს ლიბანის მოქალაქე თეირანიდან ლიბანში ჩაფრინდა ამ კომპანიის რეისით. მეორე დღეს ის ქვეყანაში პირველ დარეგისტრირებულ პაციენტად იქცა.

Mahan Air ამის შემდეგაც განაგრძობდა რეისების შესრულებას.

ბიბისის გამოძიებამ დაადგინა, რომ ავიაკომპანია კორონავირუსის ეპიდემიის პიკის დროსაც განაგრძობდა ირანიდან ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ქალაქში – პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და შენჟენში ფრენებს.

ბიბისიმ მოიპოვა მტკიცებულებები,  რომ თვითმფრინავების ეკიპაჟებს აიძულებდნენ ხმა არ ამოიეღოთ იმ როლის შესახებ, რომელსაც კომპანია ვირუსის გავრცელებაში თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი მზარდ შეშფოთებას იწვევდა.

თებერვლის ბოლოს კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით Mahan Air–ის ეკიპაჟების 50 ზე მეტი წევრი კორონავირუსით დაინფიცირების ნიშნებს ავლენდა. ისინი სოციალურ ქსელებში ჩიოდნენ, რომ არ აძლევენ სპეციალურ დამცავ აღჭურვილობას ან ტანსაცმელს.

27 თებერვალს კომპანიის თანამშრომლები პირველად ალაპარაკდნენ ღიად. გამოცემა Shargh Daily–ში გამოქვეყნებულ სტატიაში მათ შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთში ფრენის შემდეგ თვითიზოლაციისთვის დროს არ აძლევდნენ.

18 აპრილს ავიაკომპანიის 1300–მა თანამშრომელმა ღია წერილი გაავრცელა და კომპანია კრიზისის დროს ცუდ მმართველობაში დაადანაშაულა. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეკიპაჟების მოთხოვნა მათთვის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ რეკომენდირებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მიეცათ მრავალგზის იგნორირებულ იქნა. ამასთან, თავად მათ ადანაშაულებდნენ ქვეყანაში ინფექციის გავრცელებასა და ახლობლების დაინფიცირებაში.

ბიბისი–ს ხელში ჩაუვარდა გასაიდუმლოებული შეთანხმების ასლი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს გადაეცათ და რომელშიც მათ სისხლის სამართლის დევნით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ შიშებს საჯაროდ გამოთქვამდნენ.