რა შემთხვევაში შეძლებს დანიელსონი მხარეების შეთანხმებას – ხუხაშვილის მოსაზრება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეების შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ წინასწარ გამზადებულ “საგზაო რუკას” ჩამოიტანს და ოპოზიციას და ხელისუფლებას ხელს მოაწერინებს.

“ვფიქრობ, დანიელსონის მისია იქნება წარმატებული ერთადერთ შემთხვევაში. რატომღაც მგონია, რომ ამერიკელებიც დელეგირებას მოახდენენ დანიელსონზე თავისი პოზიციების. დანიელსონმა უნდა ჩამოიტანოს გამზადებული საგზაო რუკა, დაუდოს და უთხრას, ახლა კეთილი ინებეთ და ამაზე ხელი მოაწერეთ. ეს არის შანსი. თუ არადა, [უთხრას] დაგიჯდებათ ეს ფასი, ეს ფასი…

თუ დანიელსონი ჩამოვიდა და ისევ ამათ მორიგება სცადა, ვერ მორიგდებიან ესენი რა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ კარგი მომენტი მაქვს და ახლა თუ გადავუგრიხე ხელები კარგი იქნება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ აგერ, ბორელი გამოვიდა და ასეთი რაღაცები ილაპარაკა, ესენი ვინ არიან საერთოდ?! სისხლიანი 9 წელი, ამბავი, იმედი ჩემია, ბიძო მყავს და ვინ მომერევა. ასე ვერ მოერევიან, ქვეყანას გადააყოლებენ. კისერიც უტეხიათ ერთ მხარესაც და მეორესაც, მტკვარს წაუღიათ, სახელმწიფო აგებს”,– თქვა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოს კვირის ბოლომდე ეწვევა და მოლაპარაკებების პროცესს გააგრძელებს.