როდესაც აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, ეს გავლენას ახდენს ლარის კურსზე – კობახიძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ლარის გაუფასურებას ოპოზიციის მიერ “რევოლუციური სცენარების დაანონსებით” ხსნის. მისი თქმით, ოპოზიცისას რევოლუციური სცენარის განხორციელების “თავი არ აქვს”.

“როდესაც შენ აანონსებ რაღაც რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე. მაგრამ, ეს რამდენიმე დღის საქმეა. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ არავითარი თავი მათ რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ. ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ”,– თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ლარი დღესაც გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 4.2 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.9042 ლარი.