„გუშინ დემოკრატიული წესრიგის დარღვევა ხელისუფლებამ ფორმალურად დაიწყო. დემოკრატიული წესრიგი ჩვენი წყობილებაა. არ იყო მარტივი პერიოდები, თუმცა საქართველოს დემოკრატიული წესრიგიდან არ გადაუხვევია. იმ შემთხვევაში, თუ იმ კანონს მივიღებთ, რომლის მიღების პირველი ნაბიჯი გუშინ გადადგეს, ეს მიანიშნებს, რომ დემოკრატიულ წესრიგს სერიოზულად დავარტყამთ და დავანგრევთ, რადგან ეს კანონი თავისი შინაარსით, სულისკვეთებით, პათოსით, ანტიდემოკრატიულია. საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის აგენტურა – დარწმუნებულები ვართ, რომ არის და თუ არის, მისი გამოაშკარავების და სამხილების მოძიების მექანიზმები არსებობს. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. თუ ქვეყანაში არის ეჭვი, რომ ფული თეთრდება და არალეგალური ფულის ბრუნვის მექანიზმებია, ამისთვის შესაბამისი სამსახურები და საკანონმდებლო ბაზა არსებობს. ამის გაკეთება სახელმწიფოს ისედაც ევალება და უნდა გააკეთოს. მაგრამ როდესაც არსებული, დემოკრატიული წესრიგის მიღმა ასეთ კანონს იღებ, აკეთებ განაცხადს – ვასრულებ დემოკრატიას და ვიწყებ დიქტატურის დაკანონებას. დიქტატურისკენ მისწრაფება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოხატა, როდესაც პოლიტიკურ პროცესს გაეცალა და ამით თქვა, რომ უნდა აიყოს არაფორმალური მმართველი. ის არ გასულა პოლიტიკიდან, პოლიტიკაშია და ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დგამს, მისგანაა ინსპირირებული. ის პოლიტიკაშია და განსაზღვრავს პოლიტიკას“,

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსმა ზვიად ქორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.