როდის დაიწყება საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია – გამყრელიძის ვარაუდი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში დაიწყება.

მისი თქმით, საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება Covax-პლატფორმასთან, რომელიც საქართველოს 1 400 000 დოზა ვაქცინას მიაწვდის.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რაოდენობის ვაქცინა დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

“გათვალისწინებულია, რომ 2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რომ დასრულდეს კოვიდპანდემია მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყება საქართველოში. Covax-თან უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინას მივიღებთ, იქნება ეს ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, გერმანული, თუ სხვა. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი გამოყენების უფლებას მისცემს, საქართველო შეიძენს შესაბამის ვაქცინას”, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინის შესაძენად 17 მილიონი დოლარია გამოყოფილი და ის საზოგადოებისთვის უფასო იქნება.

“ვაქცინის მისაღებად პირველი შენატანი უკვე გადარიცხულია და ეს, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია. შესაბამისად, 1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ამ ვაქცინის ან ვაქცინების შესაძენად. რა თქმა უნდა ეს მოსახლეობისთვის იქნება უფასო. 1 400 000 დოზა ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანის აცრა. ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის შუალედით, ორჯერ. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია დაიწყება მარტ-აპრილში. პარალელურად საქართველო მუშაობს დიდ მწარმოებლებთან და ასევე რამდენიმე დიდ სახელმწიფოსთან, რომ შესაძლებელი გახდეს, რომ ვაქცინების უფრო ადრე მიღება მოხდეს, ვიდრე Covax-ი მოგვაწვდის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.