როდის და რა წესებით ჩატარდება სამაგისტრო, საგრანტო და ეროვნული გამოცდები – გადაწყვეტილება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეროვნული , საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების თარიღები დაასახელა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება;
  • საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება;
  • სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეკომენდაციის დაცვის მიზნით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. სამუშაო მაგიდები აღიჭურვება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.

გამოცდაზე აბიტურიენტები პირბადით დაიშვებიან. სურვილის შემთხვევაში, ადგილზეც დაურიგდებათ პირბადე, თუმცა შეეძლებათ თავადაც მიიტანონ.