რომელ 400 კომპანიას სთავაზობს საქართველო ჩინეთიდან წარმოების გადმოტანას – თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალი სტრატეგია ორიენტირებულია იმ კომპანიების მოზიდვაზე, რომლებიც შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე გადაწყვეტენ, რომ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ჰქონდეთ და ამით მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

თურნავას თქმით, საქართველო 400-ზე მეტ კომპანიას უხსნის, რატომ უნდა გადმოიტანონ წარმოება საქართველოში.

,,ჩვენ შევიმუშავეთ დასაბუთებული გზამკვლევი გლობალური კორპორაციებისთვის ასევე საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც ჩვენ გავდივართ 400-ზე მეტი კორპორაციის ტოპ მენეჯმენტზე და ვუსაბუთებთ მათ თუ რატომ არის საქართველო ნომერ პირველი არჩევანი, იმისთვის რომ საკუთარი ბიზნესების გადანაწილება მოახდინონ, ვიდრე ეს არის ჩინეთი ან აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები,”- განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში”.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებები იმ კომპანიებთან მიმდინარეობს, რომელთა მიერ ჩინეთში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში მაღალი საბაჟო გადასახადით იბეგრება. მათ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას სთავაზობს.

,,კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ ჩინეთი დატოვონ და გადმოვიდნენ საქართველოში, აუცილებლად გაანალიზებენ თუ როგორ მოკლდება ამით მათი მიწოდებათა ჯაჭვი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ლოკაცია, ის ფაქტი, რომ ჩვენ ათობით სახელმწიფოსთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მათ შორის ევროკავშირთან, არის კიდევ ერთი დამატებითი ქულა ჩვენთვის.

ჩინეთი არის ძალიან ბევრი სასაქონლო ჯგუფის მთავარი მწარმოებელი. სმარტფონების 80%, ტელევიზორების 50%-ზე მეტი ჩინეთში იწარმოება, ასევე სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მაგრამ მას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. შესაბამისად, ჩვენთან გადმოიტანს წარმოებას უბაჟო განაკვეთის გამო. განსაკუთრებით კი იმ სასაქონლო ჯგუფებისთვის, რომლებიც მაღალი განაკვეთით იბეგრება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.