“როსნეფტის“ პრესმდივანი პუტინს მოუწოდებს ჰიტლერის შეცდომა არ გაიმეოროს

“როსნეფტის“ პრესმდივანმა, მიხაილ ლეონტიევმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს მობილიზაცია გამოაცხადოს. მან საკუთარი მოსაზრება “Соловьев Live”–ის ეთერში გამოთქვა.

უკრაინაში ომის განხილვისას მიხაილ ლეონტიევმა გაიხსენა, რომ ნაცისტური გერმანიის ლიდერმა, ადოლ ჰიტლერმა მობილიზაცია მხოლოდ 1942 წელს გამოაცხადა, ანუ საბჭოთა კავშირში შეჭრიდან ერთი წლის შემდგე. “როსნეფტის“ წარმომადგენლის აზრით, გერმანელებმა დაიგვიანეს, და ამიტომაც წააგეს მეორე მსოფლიო ომი.

“ ჩვენთან, ადამიანებს, ვინც ეკონომიკას მართავენ გადაწყვეტილებების მიღების ეშინიათ, მობილიზაციის ეშინიათ. პირდაპირ ეშინიათ გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის.“–თქვა ლეონტიევმა.

მისი განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობა ე.წ. “სოციალური სტაბილურობის ფორმულთ“ ხელმძღვანელობს, რომელიც რუს პოლიტოლოგს, გლებ პავლოვსკის ეკუთვნით: ლოიალობა დემობილიზაციის სანაცვლოდ. მისი თქმით, ჰიტლერიც ეკონომიკაში დიდხანს ამ კონცეფციას იცავდა.

“შენ მხარს უჭერ მოქმედ ხელისუფლებას იმ მოტივით, რომ მას შენგან არაფერი უნდა. ანუ, არ ახდენს მობილიზაციას არავითარი თვალსაზრისით და არასდროს. ეს აზრი ღრმად არის გამჯდარი, ამიტომაც ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, არ უნდათ ამ ფორმულიდან გასვლა, ეს კი არასწორია“– ამბობს ის.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შეიძლება საყოველთაო მობილიზაცია დაიწყოს, თუმცა პუტინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, სავარაუდოდ საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შიშით. ამის ნაცვლად რუსეთის ხელისუფლება თანდათანობით ამარტივებს არმიაში მოქალაქეების მიღების წესს უკრაინაში გასაგზავნად, მათ შორის პატიმრების და “მცირე გადაცდომების“ მქონე მოქალაქეებისთვის.

ამ დრომდე რუსეთის პრეზიდენტმა რუსების ნაცვლად დონბასელების მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინაში ომისთვის. დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ 18–55 წლის მამაკაცები ომში იძულებით გაგზავნა.