რუსები გეგმავდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და უკრაინისთვის დაბრალებას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გაანეიტრალეს დივერსიული ჯგუფი, რომელიც რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ემზადებოდა, რაშიც უკრაინასა და მის პარტნიორებს დაადანაშაულებდნენ.

“SBU-მ ჩაატარა მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც გაანეიტრალა მტრის ღრმად საიდუმლო დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები ამზადებდნენ ტერორისტულ თავდასხმას – ისინი აპირებდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე.

ოკუპანტები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში. პროვოკაციის ჩასადენად თავდამსხმელებს სურდათ სამოქალაქო თვითმფრინავისთვის ესროლათ პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან (MANPADS) Stinger-დან”,– აცხადებს უსაფრთხოება.

მათი ცნობით, უცხოური MANPADS-ის მოპარვისა და ფარულად გატანის მიზნით, რუსული  სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შესაბამისი დავალება მისცეს თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს.

უწყების განმარტებით, მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა რუსი ალექსანდრე ტიუტერევი, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის თანამშრომელი.

“მისი დავალებით, მტრის აგენტები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან პატრიოტი მოხალისეების საფარქვეშ. ურთიერთობის დამყარების მიზნით მათ უკრაინელ სამხედროებს მიაწოდეს სანდო ინფორმაცია ე.წ „კადიროველთა“ საოკუპაციო ნაწილების პოზიციებისა და გადაადგილების შესახებ.

სამომავლოდ, რუსი აგენტები გეგმავდნენ თავიანთი კონტაქტების გამოყენებას უცხოური MANPADS-ის უკანონოდ მოსაპოვებლად და აგრესორ ქვეყანაში გადატანად”,– აღნიშნავს SBU.

სპეცოპერაციის დროს დააკავეს ოკუპანტების დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფის ყველა წევრი. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები მხილებული დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად და მისი ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.