რუსებმა ხერსონის ჩერნობაევკის აეროდრომიდან სამხედრო ტექნიკა სრულად გაიყვანეს

რუსებმა ოკუპირებულ ხერსონში მდებარე ჩერნობაევკის აეროდრომიდან მთელი სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი იტყობინება და 27 ოქტომბერს გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებს აქვეყნებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ხერსონის ოლქის ოკუპაციის დღიდან რუსულ ძალებს ჩერნობაევკა არ დაუტოვებიათ, მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი დარტყმებისა.

“უნდა გავიხსენოთ, რომ ხერსონის ოკუპაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აეროდრომზე განლაგებული  მტრის ტექნიკის მუდმივი განადგურების მიუხედავადაც კი რუსებს აქამდე არასდროს დაუტოვებიათ ეს პოზიცია. “

სამხედრო გამოცემა Defence Express აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ჩანაწერებზე მხოლოდ ტექნიკის მიტოვებული სანგრები ჩანს, რომლებითაც აეროდრომია გადათხრილი. სწორედ ამ სანგრებში ცდილობდნენ რუსები საკუთარი ტექნიკის დამალვას რეგულარული დარტყმებისგან.

თავად ობიექტი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი იყო რუსეთის არმიისთვის, ასევე ბევრი ფორმირებისა და შენაერთისთვის, მათ შორის 22–ე საარმიო კორპუსისთვის, 7–ე სადესანტო–მოიერიშე დივიზიისთვის, 127–ე სადაზვერვო ბრიგადისთვის და 20–ე მოტომსროლელი დივიზიისთვის.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ რუსეთის არმიის ჩერნობაევკადან გასვლის მიზეზი ნათელია: შეხების ხაზამდე აქედან სულ 20 კილომეტრი დარჩა, რაც აეროდრომს ფრონტისპირა ზონად აქცევს.