რუსებს საქართველოს საზღვარზე რუსეთის ოკუპანტად აღიარებას სთხოვენ – დუმაში “სირცხვილიას” მიერ მომზადებულ ყალბ დოკუმენტს ეხმაურებიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სთხოვენ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც მათგან რუსეთის ოკუპანტად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად და აგრესორად აღიარებას ითხოვს. აღნიშნული დოკუმენტი რომელსაც ვოლოდინი განიხილავს, შექმნა “სირცხვილიას” აქტივისტმა და გააგზავნა ტელეგრამ ჩატში სახელოწდებით “ზემო ლარსი – ჩატი”. ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და რამდენიმე წუთში წაიშალა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მიმართა  პარლამენტს ყურადღება დაუთმოს აღნიშნულ ინფორმაციას. მან ასევე  ისაუბრა „დოკუმენტის“ პუნქტებზე, რომლებზეც თითქოს რუსებს საქართველოში გამგზავრებისას ხელმოწერას სთხოვენ.

  • “აი, სწორედ ახლა, ნიკოლაი ვასილევიჩ კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადადის. განაცხადი რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმად აღიარებაზე. ეს თუ ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სავსებით ცხადია, რომ ეს დანაშაულია. პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა აგრესორია. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა”. – თქვა ვოლოდინმა.