რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში მხოლოდ 498 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთმა პირველად აღიარა უკრაინის ომში საკუთარი დანაკარგები, თუმცა ამტიცებს, რომ დაიღუპა მხოლოდ 498 რუსი ჯარისკაცი.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის მხარს 2800-ზე მეტი სამხედრო გარდაიცვალა.

„უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ნაციონალისტებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგებია: 2870-ზე მეტი დაღუპული და დაახლოებით 3700 დაჭრილი. მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით უკრაინის ძალოვანი უწყებების ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა 572 ადამიანს შეადგენს. სამწუხაროდ. სპეცოპერაციაში მონაწილე ჩვენს თანამებრძოლებს შორის არის დანაკარგები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 498 რუსი სამხედრო. დაღუპულთა ოჯახებს ყველა შესაძლო დახმარება გაეწევათ. 1597 ჩვენი თანამებრძოლი დაშავდა“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, ამ დრომდე დაიღუპა 5840 რუსი ჯარისკაცი.