რუსეთი აშშ-სთან New START-ის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში [START] მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს  განაცხადა. ხელშეკრულება 2010  წელს აშშ-სა და რუსეთს შორის დაიდო და სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირებას ეხება.

“იძულებული ვარ გამოვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს საკუთარ მონაწილეობას სტრატეგიული მოიერიშე შეიარაღების შეთანხმებაში. ვიმეორებ, კი არ ტოვებს შეთანხმებას, არამედ აჩერებს საკუთარ მონაწილეობას.[…]

პუტინის თქმით, აშშ და NATO ღიად აცხადებენ, რომ “მათი მიზანია რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება და დასავლეთი “პირდაპირ არის ჩართული” რუსული ავიაციის წინააღმდეგ დარტყმებში.”

“ამავე დროს, NATO მოითხოვს, რომ რუსეთი დაუბრუნდეს START-ის ხელშეკრულებას და დასავლელ ექსპერტებს მისცეს საშუალება მოინახულონ რუსული ბირთვული ობიექტები. NATO-ს აქვს ერთზე მეტი ბირთვული ძალა და მათი ბირთვული ძალებიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ისინი. NATO-ს ქვეყნებმა წამოაყენეს ულტიმატუმები: რუსეთმა უნდა შეასრულოს,NATO-ს ქვეყნები მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ.”- ამბობს პუტინი.

პუტინის თქმით, შეთანხმების გაგრძელებამდე საჭიროა რუსეთმა იფიქროს NATO-ს სხვა წევრების ბირთვულ შეიარაღებაზეც, კერძოდ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთზე.

“სანამ ამ საკითხის განხილვას (შეთანხმების გაგრძელებას) დავუბრუნდებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, მაინც რაზე აქვს პრეტენზიები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ [ბირთვულ] არსენალს, ანუ ალიანსის ერთობლივი იერიშის პოტენციალს”. – თქვა პუტინმა.