პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, რუსეთი მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების “საიუბილეო” თარიღთან დაკავშირებული განცხადება სიმბოლური აქტია – ის “გვთავაზობს ტრაქტატი-2-ის გაფორმებას და კონტექსტში იკითხება მუქარა, რომ ეს არის წინადადება “რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება”.
“სამწუხაროდ, ამის საფუძველი მოამზადა ხელისუფლებამ, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელ სურვილს წირავს ჩვენი დასავლურ სისტემებში ინტეგრაციის დაჩქარების ამოცანას.
სწირავს იმით, რომ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე (მიშელის დოკუმენტის “ანულირება”), ფსონს ჩამოდის და აქეზებს საზოგადოებაში ულტრა-კონსერვატული განწყობების დანერგვას, რაც “ერთმორწმუნეობაზე” დაფუძნებული რუსული ექსპანსიის მთავარი იარაღია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს, აქეზებს კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობას და ა.შ. მოკლედ, სიტყვით საუბრობს დასავლეთზე, საქმით მივყავართ რუსეთში”,- წერს ხუხაშვილი.
მისივე აზრით, რუსეთი ამ ყველაფერს “მშვენივრად გრძნობს და იწყებს გადამწყვეტ შეტევას”.
“უნდა ველოდოთ სხვა ფეთქებადსაშიში თემების გააქტიურებასაც, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, სასაზღვრო პრობლემები, ერთმორწმუნეობის მუხტის გაძლიერება.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტი ბრძოლის ფაზაში საქართველოს მომავლისთვის”,- აცხადებს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ოკუპანტის ქვეყნის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. მათ დღეს უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე.