რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ყირიმში, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.

“29 ოქტომბერს კიევის რეჟიმის მიერ ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობით განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით, შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც  “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობენ, რუსული მხარე წყვეტს უკრაინის პორტებიდან აგრიკულტურული პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში მონაწილეობას“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცეოლებულ განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 29 ოქტომბერს, ყირიმში, სევასტოპოლის პორტში ბაზირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებზე დრონებით შეტევა მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო გემები, რომელთა შორის არის რუსული ფრეგატი “ადმირალი მაკაროვი”.

თუმცა, რუსული მხარე მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამ არხზე წერს, რომ შაბათს დილით 4:20 საათზე სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის შავი ზღის ფლოტის ხომალდებზე შეტევა მოხდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეტევის უკან უკრაინა დგას, რომელმაც ამისათვის  უპილოტო საფრენი აპარატები და შვიდი ავტონომიური საზღვაო უპილოტო აპარატი გამოიყენა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია, რუსული ფლოტი კი თითქმის არ დაზარალდა. მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო საზღვაო განმნაღმველმა “ივან გოლუბეცი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ადანაშაულებს, რომ მან შეტევა მიიტანა იმ ხომალდებზე, რომლებიც “ხორბლის კორიდორის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რუსული მხარე თავდასხმას “ტერორისტულ აქტს უწოდებს“ და ამბობს, რომ ის ბრიტანელების მიერ მომზადებულმა უკრაინელმა სამხედროებმა, კერძოდ 73–ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის სამხედროებმა დაგეგმეს.

უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა.