რუსეთი უკრაინაზე ირანული რაკეტებით მასირებული შეტევისთვის ემზადება – ზელენსკი

რუსები ძალებს იკრებენ უკრაინის ქალაქებზე ახალი მასირებული დარტყმისთვის.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ნოემბერს საღამოს გამოსვლაში განაცხადა, ამისთვის რუსეთმა ირანს ბალისტიკური რაკეტები შეუკვეთა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ეხება.

“ტერორისტული სახელმწიფო ძალების და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების შესაძლო განმეორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკაზე. ამისთვის რუსეთს სჭირდებოდა ირანული რაკეტები. ჩვენ ვემზადებით პასუხისთვის”, – თქვა მან.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა ირანის პასუხისმგებლობა კრემლის შეიარაღებულ აგრესიაში მონაწილეობის გამო.

“ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს. და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში… ყველამ, ვინც რუსეთს ეხმარება ამ ომის გაგრძელებაში, მასთან ერთად უნდა აგოს პასუხი და ამ ომის შედეგებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.