ვინ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაში მოსაყვანად ამზადებს

ბრიტანეთი მოსკოვს უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი პოლიტიკოსების მოყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მეთაურის როლში კრემლის კანდიდატად უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატს, ევგენი მურავიოვს ასახელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში ნათქვამია, რომ “დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია ნათელს ფენს რუსეთის მოღვაწეობის მაშტაბებს, რომელიც მიმართულია უკრაინის ძირის გამოთხრისკენ და წარმოდგენას გვიქმნის კრემლის აზროვნებაზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს:

“ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და თათარ–მონღოლთა ურდოს ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“–ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვინ არის ევგენი მურავიოვი?

ის უკრაინის ორი მოწვევის – 2012 და 2014 წლების პარლამენტის წევრი იყო. 45 წლის პოლიტიკოსი რეგიონების პარტიის ყოფილი წევრია, რომლის ლიდერი თავის დროზე ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო. ამჟამად მურავიოვი პარტია “ჩვენებს“ ხელმძღვანელობს.

ის 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, თუმცა კანდიდატურა ალექსანდრ ვილკულის სასარგელოდ მოხსნა.

2019 წლის არჩევნებში მურავიოვი პარლამენტში ვეღარ მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით ის ფლობდა ტელეარხ NewsOne–ს, შემდეგ კი დააფუძნა ტელეარხი “ჩვენი“.

ის არაერთხელ გამოთქვამდა პოზიციას უკრაინის უბლოკო სტატუსის და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მხარდასაჭერად. ამასთან, მურავიოვის წინააღმდეგ 2018 წლიდან მოქმედებს რუსული სანქციები. თავად ამ სანქციებს ვიქტორ მედვედჩუკთან მის კონფლიქტს უკავშირებს, რომელსაც პუტინის ახლობლად თვლიან.

“ჩემს ოჯახს იქ აქტივები აქვს დაპატიმრებული. საინტერესოა, ბრიტანეთის სპეცსამსახურები და საგარეო ოფისი როგორ უთავსებენ ერთმანეთს ამას და იმ ვერსიას, თითქოს რუსეთს ჩემი დანიშვნა უნდა “საოკუპაციო მმართველად“– ეს კითხვა მაქვს მისტერ ბინთან“– ასე უპასუხა მურავიოვმა ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებას.

ბრიტანეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირები აქვთ ბევრ ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსთან.

კერძოდ, ისინი ასახელებენ იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინის პირველ ვიცე პრემიერს სერგეი არბუზოვს, რომელიც 2014 წელს ცოტა ხნით პრემიერ მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა. ამავე სიაშია ანდრეი კლიუევი – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პირველი ვიცე პრემიერი (20210-2012).

ბრიტანულ სიაში მოხვდა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვლადიმირ სივკოვიჩი და უკრაინის პრემიერ–მინისტრი 2010–2014 წლებში ნიკოლაი აზაროვი.

ბრიტანეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ზოგიერთ პრორუს პოლიტიკოსს კონტაქტები აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად უკრაინაზე თავდასხმას გეგმავენ.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. ბრიტანეთის ხელისუფლებისა და მისი ნატოელი პარტნიორების აზრით ეს შეიძლება რუსეთის არმიის მხრიდან უკრაინაში ფართომაშტაიბან სამხედრო შეჭრის მზადებას ნიშნავდეს.

დასავლეთის ქვეყნები, ბრიტანეთის ჩათვლით მოსკოვს არნახული სანქციებით და იზოლაციით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ის ომს დაიწყებს.

მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

“რუსეთმა უნდა შეამციროს ესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიის გზით წავიდეს. როგორც არაერთხელ განუცხადებია ბრიტანეთს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში რუსეთის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომლისთვისაც ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“– ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყება ჯერ არ აკონკრეტებს, რა ფორმით გეგმავს რუსეთი უკრაინის ხელისუფლების შეცვლას.