აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმიანება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არიან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
ელჩის განცხადებით, ოკუპანტმა პირველ რიგში ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, დიალოგი კი ჟენევის ფორმატში აწარმოოს.
“ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ, თუმცა იმისთვის რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, რუსეთმა პირველ რიგში გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალები. ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა.
ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. დიალოგისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვა კეთილსინდისიერად იქნება ნაბიჯი ამ საკითხების მოსაგვარებლად”,- ამბობს დეგნანი “ფორმულას” ცნობით.