რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა. ბევრი ოლქი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა

კვირას საღამოს მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რამდენიმე ოლქში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩაქრა სინათლე და არის ელექტრომომარაგების პრობლემები.

ხარკოვის ოლქის დერკაჩევსკის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით ოკუპანტებმა კრიტიკული ინფრასტუქტურის ობიექტებს დაარტყეს, რის გამოც რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი საბჭოს ინფორმაციით ხარკოვობლენერგო პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს.

ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა ხარკოვის პერვომაისკოეს თემმა.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაადასტურა, რომ იყო დარტყმები ხარკოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

“დარტყმის შედეგად ქალაქის ბევრ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. ამავე მიზეზით იმავე რაიონებში არ არის წყალი – არ მუშაობს ტუმბოები. ეს არის რუსი აგრესორების მდაბიო და ცინიკური შურისძიება ფრონტზე ჩვენი არმიის წარმატების გამო, კერძოდ ხარკოვის ოლქში“– თქვა მან და ყველას მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ. სპეციალისტები პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დასახლებული პუნქტები დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავის, ოდესის და ზაპოროჟიეს ოლქებში. ვრცელდება ინფორმაცია წყლის შეწყვეტის შესახებაც. მთელ სუმის ოლქში ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ძაბვა დაეცა.

ოლქის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი მოსახლეობას მოუწოდებს ტექნიკა ქსელიდან გამორთონ დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რადგან ელექტროსისტემა არასტაბილურია ნგრევის გამო, რომელიც აგრესორმა ოლქს მარტში მიაყენა. მისი თქმით, ასევე შესაძლებელია “რუსულ–ფაშისტური ჯარების შეტევა ენერგომომარაგების ობიექტებზე“.

პოლტავის ოლქის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენერგეტიკოსები პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრატჩუკმა კი განაცხადა, რომ ოლქში სიტუაცია სრულად კონტროლდება და ყველა სამსახური გამართულად მუშაობს პრობლემების მოსაგვარებლად.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიკოვის განცხადებით რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის გამო ზოგიერთი ქალაქი და თემი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მისი თქმით, ეს არის შურისძიება ბრძოლის ველზე მარცხის გამო და ადგილზე ყველაფერი კეთდება პრობლემის გამოსასწორებლად.