რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ხელახალი გადათვლის შედეგად გაორმაგდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების აპრილის მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გარდაცვლილთა კლასიფიკაციის პრინციპი შეცვალა.  ამ კვირას ჯანმომ რუსეთს თხოვნით მიმართა აეხსნა, რა მეთოდიკა გამოიყენება სიკვდილიანობის დათვლისთვის.

გასულ დღეღამეში რუსეთში კორონავირუსით 8706 დაინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 114 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა 6829–ს მიაღწია. სულ რუსეთში 520 000ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში თანდათანობით უქმდება, თუმცა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

სტატისტიკის ახალი მეთოდის გამოყენების შედეგად სიტუაცია იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ჩანდა.

როსსტატის ახალი მონაცემებით აპრილში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალებების რიცხვი 2.5–ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე იყო გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც გამოთვლის პრინციპი შეიცვალა, აპრილში გარდაცვლილთა რიცხვმა 2712–ს მიაღწია.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მაისის მონაცემების გადათვლის შემდეგ დიდი ალბათობით ციფრები კიდევ უფრო უარესი იქნება. ეს იმასთან არისი დაკავშირებული, რომ ყოველდღიურად რეგისტრირებულ დაავადების ახალ შემთხვევათა რაოდენობამ პიკს სწორედ მაისში მიაღწია.

ოფიციალურად რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6829–ს შეადგენს, თუმცა კვირის დასაწყისში მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი მეთოდიკით დათვლის თანახმად, მხოლოდო მაისში და მხოლოდ მოსკოვში კორონავირუსით 5260 ადამიანი გარდაიცვალა.

აქამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ის გარდაცვლილები შედიოდნენ, რომელთა გარდაცვალების უშუალო მიზეზი კორონავირუსი გახდა. თუმცა ახლა უკვე სტატისტიკაში შეყავთ ყველა გარდაცვლილი, რომელთაც ვირუსი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, გახდა თუ არა მათი გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ ვირუსი.