რუსეთ–საქართველოს შორის ტვირთების საბორნე გადაზიდვა იწყება– სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რამდენიმე დღეში საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური ბიურო სომხეთის ეკონომიკის მინისტრზე, ვან ქერობიანზე დაყრდნობით წერს. ის ამბობს, რომ საბორნე მიმოსვლით სომხეთი ისარგებლებს და რუსეთთან ტვირთბრუნვისთვის გამოიყენებს გამოიყენებს.

“ახლა დასკვით სამუშაოებს ვატარებთ. გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“–თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხეთი და მისი ოფიციალური უწყებები საბორნე მიმოსვლის შესახებ საუბრობენ. თუმცა, დღეს, ქერობიანმა თქვა, რომ უკრაინაში ომის გამო რიგი სირთულეები გამოჩნდა.

„მოდი დაველოდოთ, რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება. დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უფრო, რომ ის გაართულა მძიმე გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და ზეწოლამ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს,“ –ამბობს მინისტრი.

სომხური მედია წერს, რომ ბორანი კვირაში ორჯერ იმოძრავებს ფოთსა და კრასნოდარის ოლქში მდებარე პორტ კავკაზს შორის, რაც სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვას დააჩქარებს.

საბორნე მიმოსვლა სომხური მედიის ინფორმაციით 15 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გადაიდო.

წყარო: რადიო თავისუფლება