რუსთაველზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა – BASSIANI 20 ივნისის აქციაზე

“20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით.” – ნათქვამია კლუბ BASSIANI-ის მიერ განცხადებაში.

”17 ივნისს ევროპამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, საბოლოო პასუხი კი 24 ივნისს გახდება ცნობილი. ვულოცავთ ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს ამ დამსახურებულ ნაბიჯს წინსვლის გზაზე და კიდევ ერთხელ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს რუსეთთან მიმდინარე სასტიკ ომში. სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა საქართველო და ამ ნაბიჯს შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართულმა საზოგადოებამ გრძელი და რთული გზა გაიარა სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად. ამ გზაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ომები, რევოლუციები, შიდა და გარე ბრძოლები, მუდმივი პროტესტი და საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების უწყვეტ დინებასა და წინსვლას უზრუნველყოფდა. საქართველოს განვითარების გზას უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა, საერთო საზოგადოებრივ შეთანხმებამდე მისვლას სამწუხაროდ უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია.

სიღარიბის, უსამართლობისა და უთანასწორობის, რეპრესიული სისტემისა და მტრულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან მიმდინარე სასტიკი ომების მიუხედავად, ქართული საზოგადოება არასდროს კარგავდა თავდაჯერებას და რწმენას, რომ შეგვიძლია ღირსეული და სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება. ათწლეულების შრომამ ტრანსფორმაციისთვის საქართველო რეგიონის ყველაზე მოწინავე ქვეყნად აქცია და ახალი გარდაქმნების ავანგარდში ჩააყენა.

ამ მონაპოვარს გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ პოლიტიკური კლასი მუდმივად ფლანგავს და ანიავებს ათწლეულების განმავლობაში მოპოვებულ სამართლიანი სახელმწიფოს ყველა მახასიათებელს, ანტიდემოკრატიულმა და ანტისოციალურმა წყობამ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის ისტორიული შანსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პოლიტიკური ნების, შრომისა და ქმედებების საშუალებით დაუბრუნდეს არჩეულ გზას და ამისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აქტიურობა, პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზება და შედეგის მიღწევამდე მუდმივი პროტესტი და მოძრაობაა საჭირო, რადგან ამ პერსპექტივის დაკარგვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, მწვანე და უსაფრთხო გარემო, თავისუფალი შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და განვითარების საშუალება.

გაუცხოებული და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ქვეყანა კულტურული და პოლიტიკური იზოლაციისთვის არის განწირული, სადაც ყველა იდეა და მიზანი ეფემერულია, ხოლო ყოფა, განვითარების ნაცვლად, არსებობისთვის ბრძოლად იქცევა, მოძრაობა ჩერდება და სიცარიელე რჩება.

ამიტომ, ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად უნდა შევძლოთ პირადი ინტერესების ნაცვლად საერთო საზოგადოებრივი ინტერესითა და მიზნით მოქმედება.

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით.

მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით, გამხნევებით, ერთიანობითა და უპირობო სოლიდარობით შევძლებთ ერთმანეთის მომავლის გადარჩენას.” – ნათქვამია განცხადებაში,.