რუსთაველის გამზირზე 100 ადამიანი დავაკავეთ, 68 ხელწერილით გათავისუფლდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ ძალადობრივ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, 68 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.

“მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.