რუსთავის ავტობაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

“112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”,– აცხადებს უწყება.